საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს. (3 ოქტომბერი, 2008 )
"მინდა თქვენთან ერთად დავპირდეთ საზოგადოებას, რომ საქართველო გააგრძელებს განვითარებას და ქართული ეკონომიკა ფეხზე დადგება. რუსული ეკონომიკა 10-ჯერ უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ქართული. იქნება დიდი სიძნელეები, მაგრამ ჩვენ ამას გადავლახავთ. ყველა სახელმწიფო უწყება გაძლიერდება ჩვენი ინტელექტის, პატრიოტიზმის ხარჯზე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარმატებებზე და პირველ რიგში შეცდომებზე. ვრჩები თქვენი ერთგული და მხარდამჭერი. დარწმუნებული ვარ, მომავალში ახალ წარმატებებს მივაღწევთ და ვიქნებით ჩვენი ქვეყნის მომავლის, ერთიანობის, დემოკრატიის და ხალხის ერთგულნი”, - განაცხადა სააკაშვილმა დღეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე.
სააკაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაცია.
"უნდა გავხდეთ დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალე შეიარაღებული ძალები, რომელიც არ წარმოადგენს საშიშროებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებმაც გამოიჩინეს განსაკუთრებული სიფრთხილე ცხინვალისა და რეგიონის სოფლების მოსახლეობის მიმართ. ასეთი იყო ჩვენი მითითებაც ყოველთვის და ქართულმა ჯარმა ამ დავალებას თავი კარგად გაართვა”, - აცხადებს პრეზიდენტი.
სააკაშვილის თქმით, საომარი მოქმედებების დროს მოხდა ბევრი ტრაგედია, თუმცა არავის არაფერი შერჩება.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელ პირებს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
"ჩემი თხოვნაცაა და მოთხოვნაც, ითანამშრომლოთ საპარლამენტო კომისიასთან, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ოპოზიცია, ხალხი რომელიც ჩვენ ზოგჯერ შეიძლება არ მოგვწონდეს კიდეც. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალეები. ეს ჩვენ კი არ გვასუსტებს, არამედ გვაძლიერებს. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყნის არმია და ქართული საზოგადოება არის თქვენს გვერდით. რაც უფრო მეტი კონტაქტები გვექნება საზოგადოებასთან, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება მომავალში”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველო ამ ბრძოლის დასაწყისში იმყოფება.
"ჩვენ ვართ ამ ბრძოლის დასაწყისში. ამ წიგნის ბევრი გვერდი დაიწერა, თუ როგორი იქნება გაგრძელება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ვინც უნდა თქვას, რომ საქართველო დამარცხდა, ეს მათი საქმეა. საქართველოს სახელმწიფოებრიობა არსებობს და ბოლომდე გაიმართება წელში”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თუმცა, აქვე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს არ იქნება ია-ვარდებით მოფენილი გზა. "უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და ყოველთვის იარსებებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენი არმია არის ახალგაზრდა, რომლის მშენებლობაც ოთხი წლის წინ დავიწყეთ, სერიოზული ფინანსური რესურსების ჩადება კი - სამი წლის წინ. ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი თქვენთან ერთად, სამ წელიწადში არმია არ იქმნება სრულყოფილად”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ქართულმა არმიამ აჩვენა ჩვეულებრივზე მეტი მომზადება, თავგანწირვა და პროფესიონალიზმი, თუმცა სააკშვილის განცხადებით "ქართულ არმაიში 10-ჯერ მეტია გასაკეთებელი, 10-ჯერ მეტია საჭირო”.
"ჩვენს მთავარ ამოცანას თქვენთან მიმართებაში მივაღწიეთ, გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და გადავარჩინეთ შეიარაღებული ძალები. შევინარჩუნეთ ტექნიკისა და ტყვია-წამლის აბსოლუტური უმრავლესობა, ცოცხალი ძალა და მთელი სტრუქტურა”, - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა.
აქვე პრეზიდენტმა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელდება დაკარგულთა მოძიების პროცესი.
"მთავარი ამოცანა მოწინააღმდეგისა არ არის მიღწეული და მან უკვე იცის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის ყველა მცდელობას დახვდება მედგარი წინააღმდეგობა. ჩვენ რუსეთს არსად შევვარდნივართ. კავკასიონის მთები იმისთვისაა, რომ არც რუსეთი უნდა შემოსულიყო აქ. მთავარი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შენარჩუნებულია და ყოველთვის იარსებებს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქართული შეიარაღებული ძალების განვითარება და გაძლიერება აქტიურად გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენეტი მიხეილ სააკაშვილი რეზერვისტთა სისტემის მუშაობით უკმაყოფილოა.
ამის შესახებ პრეზიდენმა უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორც იმუშავა რეზერვისტთა სისტემამ, მოხდა სერიოზული ჩავარდნა, მაგრამ არა რეზერვისტების, არამედ მეთაურების გამო. ჩვენ გვყავდა გულანთებული ახალგაზრდები”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უნდა გადაიხედოს გაწვევის მთელი სისტემა.
აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე გააკეთა.
რუსეთთან წარმოებული ომი უნიკალური გამოცდილება იყო საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე.
"რუსულ ჯარს უზარმაზარი დანაკარგები მიადგა. სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემებით მათ დაკარგეს 2000 მებრძოლი, ჩამოგდებულია 17 საბრძოლო თვითმფრინავი”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთში უზარმაზარი დანაკარგების ახსნას საქართველოს შეიარაღებული ძალების კუთვნილი ტექნიკით ცდილობენ. მაგრამ, სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ ჰქონდა განსაკუთრებული ტექნიკა.
"საოცრად იმუშავა არტილერიამ. ავიაციაში ტექნიკურად ჩამოვრჩებოდით, მაგრამ რამდენიმე ზუსტი დარტყმა განვახორციელეთ”, - დასძინა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი აპირებდა თბილისის აღებას, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკან დაიხია.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია ორ მთავარ მიზანს, რომელიც მას საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდა - ქვეყნის ხელისუფლების შეცვლა და საქართველოზე გამავალი ნავთობსადენის გაკონტროლება.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას გენერალი მამუკა ყურაშვილიც ესწრებოდა, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს დაიჭრა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთმა საქართველოზე არნახული მასშტაბის აგრესია განახორციელა. "სხვადასხვა სახით ოპერაციაში რუსეთის მხრიდან მონაწილეობდა 80 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, 3000-ზე მეტი ჯავშანმანქანა იყო საქართველოს ტერიტორიაზე, განხორციელდა 200-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა ავიაციის მიერ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს არ უნდოდა ომი. "ამ ტიპის თავდაცვითი ოპერაციების წარმოების გეგმები ჩვენ არ გვქონდა განხილული”, - დასძინა მან.
პრეზიდენტის განცხადებით, არ იმუშავა რუსეთის მიერ დაწესებულმა ეკონომიკურმა ემბარგომ, ვერ განხორციელდა შიდა დესტაბილიზაცია. "იმის გამო, რომ რუსეთმა ვერ მიაღწია ორ მთავარ მიზანს, საფრთხე მოხსნილი არ არის. მტერი შეიძლება გადავიდეს ახალ შეტევებზე”, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის წევრების ჩამოსვლა საქართველოში წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს აგრესიის შემდგომ გაფართოებას და რუსეთის ჯარების უკან დახევას.
"ინტერპრესნიუსი”
|